Tuesday, May 16, 2017

შორენა მიქაბერიძე

წყვილებში მუშობა - სოციალური უნარების განვითარების კარგი საშუალება






წყვილებში მუშაობა არის თანამშრომლობითი სწავლების ერთ-ერთი ფორმა, როცა ორი მოსწავლე ერთად მუშაობს საერთო მიზნის მისაღწევად. იგი შეიძლება ყველა საგანში გამოვიყენოთ. წყვილებში მუშობა ჯგუფურ მუშობას ბევრი რამით ჰგავს. თუმცა განსხვავება ისაა, რომ შედარებით ადვილი დასაგეგმი და განსახორციელებელია.

წყვილებში მუშაობა შეიძლება ჯგუფური მუშაობის სწავლების გზაზე პირველ საფეხურად გამოვიყენოთ-იგი წარმატებულად და ნაკლები დაბრკოლებებით ავითარებს თანამშრომლობის უნარს მოსწავლეებში.

წყვილებში მუშაობა ახალგაზრდებს აყალიბებს კარგ პარტნიორებად, პასუხისმგებლიან ადამიანებად, რომლებსაც სხვების დახმარება, თანაგრძნობა და სიყვარული შეუძლიათ. აღნიშვნის ღირსია სოციალურ კონტროლი- თითოეული პარტნიორი შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად აკონტროლებს ერთმანეთს, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ ჩართულობას.

წყვილებში მუშაობას დადებითი მხარე აქვს მაშინ, როცა ზოგიერთისათვის დავალება შედარებით რთულია და პარტნიორი ეხმარება.



როგორ დავაწყვილოთ მოსწავლეები?

დაწყვილება შეიძლება მოხდეს ისეთი შეკითხვების მეშვეობით, როგორიცაა: ვის აქვს ამ შეკითხვაზე განსხვავებული აზრი? ვის არ უმუშავია არასოდეს ერთად?

ნებისმიერობის პრინციპით შერჩეული პარტნიორები ზოგჯერ ერთმანეთის წინააღმდეგ უფრო მუშაობენ ვიდრე ერთად. იმისათვის რომ მასწავლებელმა მოსწავლეები რეალური ცხოვრებისათვის მოამზადოს, საჭიროა ამ სუსტი წერტილის გამოსასწორებლად იმუშაონ და მოახერხონ თანამშრომლობა.

წყვილებში მუშაობისას პირველ რიგში სისწრაფე და სისწორე კი არ დგას, არამედ, გამოცდილება ერთად იპოვო პრობლემის გადაჭრის გზა, სხვებს დააცადო აზრის გამოთქმა, აღიქვა და გაიაზრო სხვების ნათქვამი და განსაზღვრო სამოქმედო გეგმა.

წყვილებში მუშაობისას მორიდებულ მოსწავლეებს თვითგამოხატვის მეტი საშუალება აქვთ. თითოეული ირგებს მასწავლებლის როლს და მეორის მიმართ სოლიდარობის გრძნობით განეწყობა. ესაა წყვილებში მუშაობის აზრი. ეს დამოკიდებულება მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობაზეც შეიძლება განვავრცოთ - ისინიც ხომ პარტნიორები არიან.

იმისათვის რომ წყვილებში მუშაობამ დადებითი შედეგი გამოიღოს მასწავლებლის მხრიდან მნიშვნელოვანი წინაპირობაა:

  • შესასწავლი თემით დააინტერესოს მოსწავლეები
  • უზრუნველყოს გარკვეული წინარეცოდნის არსებობა თემის ირგვლივ
  • საკუთარი მაგალითის მიცემით (სამოდელო ქცევით) შექმნას პარტნიორებს შორის დადებითი სოციალური კლიმატი
  • წაახალისოს, დააჯილდოოს, რესურსით მოამარაგოს წყვილები და დაეხმაროს მათ
  • ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და პარტნიორის აღიარება
  • წინასწარ დაგეგმოს და მოსწავლეებთან შეათანხმოს, რა კრიტერიუმებით შეფასდება როგორც მათი ნამუშევარი, ასევე მუშაობის პროცესი 
  • მასწავლებელს შეუძლია თემა ჩამოაყალიბოს მაპროვოცირებელი შეკითხვის სახით (დისკუსიისათვის გამოადგება)
  • მნიშვნელოვანია მასწავლებელმა ყველასთვის ახსნას დავალება

რა უნდა გაითვალისწინონ პარტნიორებმა?
  • ისინი კარგად უნდა იცნობდნენ თანამშრომლობის წესებს და იცავდნენ მათ
  • უნდა იმუშაონ ურთიერთშეთანხმებულად და მიზანზე ორიენტირებულად. უნდა ცდილობდნენ საუკეთესო შედეგის ერთობლივად მიღწევას
  • სამუშაოს შესრულებაში მაქსიმალურად შეიტანონ თავიანთი წვლილი და აღიარონ პარტნოირის მიღწევები
წყვილებში მუშაობის ბოლოს არ დაგავიწყდეთ რეფლექსია - მოსწავლეებს დაეხმარეთ გააანალიზონ თანამშრომლობის პროცესი.

უმჯობესია ჰეტეროგენული წყვილი, მაგრამ აკადემიური მოსწრებით ძალიან მკვეთრად არ უნდა განსხვავდებოდნენ, რათა უფრო კომფორტულად მოახერხონ ურთიერთთანამშრომლობა.

პარტნიორების მუშაობაში მასწავლებელი ერევა მაშინ, როცა აუცილებელია. მოსწავლეებს არ უნდა ჰქონდეთ იმის განცდა, რომ მათ აკონტროლებენ. მასწავლებელი თანამშრომლობას მართავს იმპულსების დონეზე.

რა ტიპის დავალებებზე ვამუშაოთ წყვილები?
მაგალითად :
დაფიქრდი-დაწყვილდი-გაუზიარე 

დადებითი და უარყოფითი არგუმენტების მოყვანა ჰემინგუეის კატა წვიმაში- აქ შეიძლება ჩართოთ ტექნოლოგიების გამოყენება: პარტნიორები იმუშავებენ ერთ კომპიუტერთან და ტექსტში სხვადასხვა ფერით გამოყოფენ თავიანთი არგუმენტებისათვის საჭირო მონაკვეთებს.

რა მასწავლა მეგობარმა: ინგლისურის/ქართულის გაკვეთილზე ერთმანეთს უსწორებენ ნამუშევარს. შემდეგ საუბრობენ იმაზე, თუ რა ისწავლეს ერთმანეთისგან. ამით ენობრივ უნარებთან ერთად თანამშრომლობას და კონსტრუქციული უკუკავშირის გაცემას სწავლობენ. ასეთი სავარჯიშოებისას უმჯობესია თუ მასწავლებელი წყვილებს იმ კრიტერიუმებით უზრუნველყოფს, რომლის მიხედვითაც პარტნიორებმა ერთმანეთის ნამუშევრები უნდა შეაფასონ. საბოლოო პროდუქტის შესაფასებლად სასურველია არ გამოვიყენოთ განმსაზღვრელი შეფასება, რათა ამით შემოქმედებითი პროცესი არ შევაფერხოთ.
I ფაზა: ჯერ წყვილები კითხულობენ ერთმანეთის ნამუშევარს და პირველ რიგში გამოყოფენ იმ საკითხებს რაც მოეწონათ- შეაქებენ ერთმანეთს. შემდეგ შეაფასებენ კრიტერიუმებით:
  • შეეფერება თუ არა სათაური შინაარსს?
  • გასაგები არგუნემტები არის თუ არა მოყვანილი?
  • არის სურათები ან ილუსტრაციები?
  • არის თუ არა მაგალითები?
  • დაცულია თუ არა მართლწერის წესები?
  • დამაჯერებელია თუ არა დასასრული?
II ფაზა: წყვილები გაცვლიან გასწორებულ ნამუშევრებს და მსჯელობენ. მასწავლებელმა წინასწარ უნდა მიაწოდოს მათ წინადადებები- მაგალითად:

ხომ არ ამიხსნიდი რას გულისხმობ...
მე ვფიქრობ უკეთესი იქნებოდა თუ...

III ფაზა: პარტნიორები თავიანთ ნამუშევრებს უკვე თვითონვე შეასწორებენ და გადაწყვეტენ, რა გაითვალისწინონ და რა არა. ეს ფაზა სახლშიც შეიძლება გაიარონ.

როლაჟი

ეს სიტყვა კოლაჟისაგან წარმოსდგება (ფრანგ. დაწებება) და მისი სახეობაა.

წარმოვიდგინოთ მეექვსე კლასელი ბავშვები. კლასი შეგდება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ათი მოსწავლისაგან. მასწავლებელი ხსნის წესებს. მოსწავლეები წყვილდებიან მათემატიკური უნარების მიხედვით. ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ურთიერთდახმარება. წყვილები იღებენ ა4 ფორმატზე დაბეჭდილ პარტნიორის სურათს. სურათის უკანა მხარეს უნდა დახაზონ ერთი სანტიმეტრის დაშორებით პარალელური ზოლები. ერთი ნომრავს ზოლებს ლურჯი კალმით, მეორე კი წითელი კალმით. შემდეგ იწყებენ პარტნიორის სურათის დაჭრას, რაც ხშირად ეუხერხულებათ ხოლმე. დაჭრილ ზოლებს აწებებენ სუფთა ფურცელზე შემდეგი თანმიმდევრობით: ზოლი ლურჯი 1 ნომრით, შემდეგ ზოლი წითელი 1 ნომრით, ზოლი ლურჯი 2 ნომრით და ა.შ. საბოლოოდ მიიღება პარტნიორების საერთო პორტრეტი, რაც მათ ერთიანობის შეგრძნებას მიანიჭებს. ისინი ერთად ქმნიან ნამუშევარს, გრძნობენ პასუხისმგებლობას ერთმანეთის წინაშე პორტრეტების სიზუსტით დაჭრის დროს. გარდა ამისა, მათ სურთ კლასმა კარგ თანამშრომლებად აღიქვას მათი წყვილი. პრეზენტაციის პროცესში მნიშვნელოვანია ყველას მიეცეს საკუთარ ნამუშევარზე და სიძნელეებზე საუბრის საშუალება.

კიდევ ერთი მაგალითის სახით შემოგთავაზებთ 26 მოსწავლისაგან შემდგარ მეათე კლასში ჩატარებულ სამუშაოს:

I ეტაპი: მუშაობა უცნობ ტექსტზე (მეორე ეტაპი იქნება დისკუსია)

მასწავლებელი წინა ნიშნების მიხედვით აწყვილებს მოსწავლეებს კარგი და ნაკლებად კარგი შედეგების მოიხედვით, რათა პარტნიორებს კითხვის დასმისა და ახსნა-განმარტების მიღების საშუალება ჰქონდეთ. მასწავლებელი მაგიდაზე დებს რამოდენიმე დავალებას, რომელსაც წყვილები თვითონ ირჩევენ. მიუხედავად შეზღუდული რაოდენობისა,   დავალებების არჩევის შანსი მოტივაციას მატებს მათ.
სავარაუდო დავალებები შეიძლება იყოს:
  • ამოიწერეთ უცნობი სიტყვები და მათი მნიშვნელობები უცხო სიტყვათა ლექსიკონისა და ფილოსოფიური ლექსიკონის მეშვეობთ
  • დაყავით ტექსტი აზრობრივ ნაწილებად, დაასათაურეთ და დაასაბუთეთ თქვენი არჩევანი
  • ამოიწერეთ ტექსტიდან რამოდენიმე (3, 4) წინადადება და ამ წინადადებებიდან გამომდინარე თეზისები. ეს თეზისები დისკუსიისათვის გამოგადგებათ
  • გამოყავით ტექსტიდან ბიოგრაფიული და ისტორიული ნაწილი (შეგიძლიათ სხვადასხვა ფერით გააფერადებინოთ ტექსტის მონაკვეთები Word-ის დოკუმენტში)
  • შექმენით გრაფიკული ორგანიზატორი, სატაც ტექსტი წარმოდგენილი იქნება სქემის სახით (გრაფიკულ ორგანიზატორების შესაქმნელად მიჰყევით ბმულს).
ეს სამუშაო 30 წუთი გრძელდება. შემდეგ ხდება პრეზენტაცია, სადაც ორივე პარტნიორი იღებს მონაწილეობას. თუ რა ფორმით მოხდება პრეზენტაცია, ამას წინასწარ შეათანხმებენ. პრეზენტაციისას მასწავლებელი აძლევს დადებით შეფასებასა და გაუმჯობესების კონკრეტულ რეკომენდაციას.

ბოლო 5-10 წუთი ეთმობა შეჯამებას და იმაზე საუბარს, ვინ რა ისწავლა და რა შეკითხვა დარჩა. ეს შეკითხვები შემდეგ გაკვეთილზე გაანალიზდება.

წყვილებში მუშაობისას მოსწავლეები არა მარტო საგნობრივ კომპეტენციებს, არამედ სოციალურ უნარებსაც იძენენ.

წყვილებში მუშაობისათვის არსებობს მრავალი საბაბი: უცხო ენაში დიალოგების წარმართვა, მათემატრიკაში რთული დავალებების ამოხსნა, მშობლიურ ენაში პარტნიორები წერენ კარნახს, ხელოვნებაში ქმნიან ერთიან პროდუქტს.იგი ხელს უწყობს აღმოჩენით, კეთებითა და თანამშრომლობით სწავლას. მაგრამ ნამუშევრის პრეზენტაციისა და რეფლექსიის გარეშე ნაკლები ეფექტი აქვს, რადგან მოსწავლეები ვერ გააანალიზებენ რა უნდა გააუმჯობესონ სამომავლოდ, ან რა უნდა გაიმეორონ. წყვილებში მუშაობა მოტივაციას უმაღლებს მოსწავლეებს და სახალისოა. სასურველია წყვილები იყოს ჰეტეროგენული (სქესის, უნარებისა და წინარეცოდნის მიხედვით) ასევე სასურველია ორივე პარტნიორის ნამუშევრის პრეზენტაცია, რათა მეტი პასუხისმგებლობით იმუშაონ. მუშაობის პროცესში უნდა აღმოაჩინონ პრობლემები და აღმოფხვრან. სასურველია არსებობდეს სივრცე, სადაც წყვილები მყუდროდ იმუშავებენ. ხშირად პარტნიორები ერთმანეთს კარნახობენ იმის ნაცვლად, რომ პრობლემის გადაწყვეტაში მოეხმარონ. ამიტომ უნდა არსებობდეს წესი: საუბრობენ ერთმანეთთან და ორივეს შეუძლია ახსნას რა გააკეთა. ერთმანეთს ეხმარებიან და ამავდროულად ცდილობენ თავიანთი უნიკალური უნარები შეინარჩუნონ. ამის მაგალითს მათ მასწავლებელი აძლევს. ზოგჯერ წყვილები ერთმანეთის ხმის დასაფარად ხმას უწევენ და კაფის ეფექტი იქმნება. ეს წყვილებში მუშაობას რეალურ ცხოვრებასთან აახლოებს- მაგალითად ბანკში გადასახადების გადახდა. ტექნიკის გამოყენების შემთხვევაში ხარჯი ნახევრდება - ექსპერიმენტებისათვის საჭირო ტექნიკა, მიკროსკოპები, კომპიუტერები ნაკლები რაოდენობით დაგჭირდებათ, რადგან ორი მოსწავლე ერთი ინსტრუმენტით ისარგებლებს - ერთი იქნება დამკვირვებელი, მეორე აქტიური, შემდეგ კი შეცვლიან როლებს. მუშაობისას მოსწავლეები გახსნილები არიან. ხშირად უწევთ საკუთარია აზრის გამოთქმა, აქებენ ერთმანეთს და კომპრომისის პოვნაც უფრო ადვილია, რადგან არსებობს მხოლოდ ორი განსხვავებული აზრი და უნდა იპოვონ გამოსავალი. ორივემ უნდა იმუშაოს, რათა სამუშაო წარმატებულად დაასრულონ. პარტნიორები ერთმანეთზე არიან დამოკიდებული.

თუ წყვილებში მუშაობამ უარყოფითი გამოცდილება მისცა მოსწავლეებს, ეს კლასსა და მასწავლებელს გამოწვევების წინაშე აყენებს - უნდა გამოიმუშაონ სოციალური უნარები, რაშიც ისევ წყვილებში მუშაობა და ახალ-ახალი სტრატეგიების დაგეგმვა დაეხმარებათ.

მოდით წყვილებში მუშაობის პროცესი ჯგუფურ მუშაობას შევადაროთ და ასე შევაჯამოთ ჩვენი თემა.

ორივე შემთხვევაში მოსწავლეებმა წინასწარ უნდა იცოდნენ თანამშრომლობის წესები, უნდა იმუშაონ საერთო მიზნის მისაღწევად და დაეხმარონ ერთმანეთს. ნათლად უნდა ესმოდეთ როგორც კონკრეტული დავალების მიზანი, ასევე ერთობლივი მუშაობის მიზანი- სოციალური უნარების შეძენა და განვითარება. როგორც ჯგუფური მუშაობისას, აქაც უმჯობესია ჰეტეროგენული წყვილი, მხოლოდ უკიდურესი სხვაობის გარეშე. წყვილებში მუშაობის სასარგებლოდ კი შეიძლება ითქვას, რომ იგი შედარებით ადვილი დასაგეგმი და განსახორციელებელია. პარტნიორთან ერთად და ჯგუფში მუშაობის უნარები სასიცოცხლოდ აუცილებელია 21-ე საუკუნის წარმატებული ადამიანის ჩამოსაყალიბებლად.
ალბათ თქვენს პრაქტიკაში პერიოდულად გეგმავთ წყვილებში მუშაობას. ჩვენთვის და ჩვენი მკითხველისათვის საინტერესოა თქვენი გამოცდილების გაზიარება. შეგიძლიათ მოგვწეროთ, რა სიძნელეებს ხვდებით, ან რა გამოგდით წარმატებულად :)









შორენა მიქაბერიძე

შესახებ შორენა მიქაბერიძე

ავტორის შესახებ მოკლე ინფო, სულაც ერთი აბზაცი

გამოიწერეთ ეს ბლოგი ფოსტაზე :

2 comments

Write comments
May 17, 2017 at 11:00 AM delete

ძალიან მომეწონა სტატია. გამოვიყენებ და კოლეგებსაც გავუზიარებ. იმედია, წინააღმდეგი არ იქნებით. ავტორს და წყაროს მივუთითებ, რა თქმა უნდა. მადლობა.

Reply
avatar

© განსაკუთრებული მადლობა .