Thursday, May 11, 2017

ელენე ბეთლემიშვილი

ბიბლიოთეკა სასკოლო ცხოვრებაში


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, რომ მისი ოცნება სკოლებში ვაშლების თასის შემოღებაა.

ალბათ თქვენც გაქვთ თქვენი ოცნება.. ეს შეიძლება იყოს თქვენი სამუშაო სივრცე, სადაც მშვიდად გინდათ რომ დარჩეთ გაკვეთილების შემდეგ და მეორე დღის გაკვეთილებს გადახედოთ, გინდათ მოწესრიგებული კაფეტერია - გაკვეთილსა და გაკვეთილს შორის გამოთავისუფლებულ დროში კოლეგასთან ერთად, საგაკვეთილო გამოცდილებაზე რომ ისაუბროთ, ფინჯანი ყავით. გინდათ ჭკვიანი დაფა, ხელის ერთი მოძრაობით თქვენს ნება-სურვილს რომ შეასრულებს და ალბათ კიდევ ათასი რამ...

და კიდევ, ალბათ ბიბლიოთეკა გინდათ - თქვენთვისაც და თქვენი მოსწავლეებისთვისაც.
თუმცა ბიბლიოთეკა ყველა სკოლაშია. რა ხდება ბიბლიოთეკაში? ძირითადად იქ მომუშავე პერსონალი დაღლილები არიან სასწავლო წლის დასაწყისიდან სახელმძღვანელოების გაცემით, თვლით, ვარგისიანობის შეფასებით.. ეს ყველაზე რუტინული და ამოუწურავი საქმიანობაა. არადა ბიბლიოთეკას ბევრად უკეთესი საქმეები შეუძლია  აკეთოს.

დღეს მინდა გაგიზიაროთ ერთი სასკოლო ბიბლიოთეკის საქმიანობა და მისი კავშირი სასწავლო პროცესებთან. ბიბლიოთეკა ეს არის უზენაესი ადგილი სკოლაში. ყველაზე მოვლილი და ყველაზე სასურველი. 

ბიბლიოთეკა და ბიბლიოთეკარი აქტიურად არიან ჩართულები სასწავლო პროცესში. მათ მასწავლებლებისგან აქვთ კალენდარი, სადაც მონიშნულია, თუ რომელ კლასში რომელი პროექტი ხორციელდება, რომელ საგნებში და რა თემებია განსახილველი.

შესაბამისად ამზადებს როგორც ლიტერატურას ასევე ელექტრონულ მასალას. ბიბლიოთეკარი ამზადებს იმ კონკრეტულ წიგნებს, რომლებიც შესაძლოა ამ პროექტზე მუშაობისას იყოს საინტერესო, ალაგებს ურიკაზე და ანიჭებს სპეციალურ კოდს. ამ წიგნებით სარგებლობენ პროექტზე მომუშავე მოსწავლეები. მათ შეუძლიათ წიგნებზე იმუშაონ ბიბლიოთეკაში, წაიკითხონ საკლასო ოთახში ან წაიღონ სახლში.

ბიბლიოთეკარი აგრეთვე ზრუნავს ელექტრონულ მასალაზე: ეძებს, ფილტრავს სანდოობის მიხედვით და შემდეგ მოსწავლეებს ერთი ბმულის ქვეშ განუთავსებს შიდა სასკოლო ქსელში. სკოლას აგრეთვე გააჩნიათ საკუთარი ელექტრონული ბიბლიოთეკა, საიდანაც იყენებენ სხვადასხვა რესურსებს და წყაროებს.


მნიშვნელოვანი ისაა, რომ მოსწავლეს არ უწევს მცდარ ინფორმაციებზე დროის ხარჯვა, მას უწევს მხოლოდ ამ მასალის დამუშავება. კომფორტულია აგრეთვე შიდა ქსელის გამოყენებაც, რაც მოსწავლის უსაფრთხოებისთვისაა - ინტერნეტში ძიებისას შესაძლოა მოსწავლე გადაეყაროს არასასურველ და მისი ასაკისთვის შეუფერებელ ინფორმაციას.

აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ ბიბლიოთეკარი არ სთავაზობს ერთ ან ორ წყაროს, ის სთავაზობს გაცილებით მეტს, რაც მოსწავლეს კიდევ ერთხელ უბიძგებს ანალიზისა და შეფასებისკენ.


ბიბლიოთეკის შესასვლელ ჰოლში დაგვხვდა ერთ-ერთ პროექტზე მომუშავე ჯგუფი, რომლებიც იმ მიზეზით რომ ბიბლიოთეკაში საუბარი არ შეიძლება, გარეთ ყოფნა არჩიეს და იატაკზე მოკალათებულები განიხილავდნენ პროექტის მასალებს.





ბიბლიოთეკაში საქმიანობდა ისტორიის მასწავლებელი, რომელსაც 1970-იან წლებში გამოსული გაზეთები მოეძებნა და უნდოდა მოსწავლეებისთვის გაეზიარებინა. მათი ჯგუფი მუშაობდა ნასას აღმოჩენებზე და იმ პერიოდის საგაზეთო სტატიებს განიხილავდნენ.




არანაკლებ გულისამაჩუყებელი იყო დაწყებითი კლასების ფლიგელში განთავსებული ბიბლიოთეკა. ეს არ არის მხოლოდ წიგნების საცავი. აქვეა საგამოფენო სივრცე, კუთხე ვიდეოების სანახავად და რაც მთავარია კომპიუტერები ინდივიდუალური მოხმარებისთვის. წიგნის თაროების ბოლოში, ისეთი კუთხეცაა  პერსონაჟებთან ერთად განმარტოება რომ შეგიძლია.


მოკლედ, ყველა დეტალი გაგრძნობინებს, რომ აქ ფიქრობენ ბავშვზე და მის საჭიროებაზე. რა უნდა, რა სჭირდება, რა გაუადვილებს მუშაობას, რა შეაყვარებს წიგნებთან ურთიერთობას, რა შეუწყობს ხელს მის განვითარებას.





ოსწავლეთა ხელითაა დამზადებული იმ წიგნების დიორამები, რომლებიც წაიკითხეს. ხვდები რომ უფიქრიათ. უფიქრიათ გარემოზე, სადაც ხდება მოქმედება, უფიქრით პერსონაჟებზე, მათ განწყობაზე. უფიქრიათ ამბის განვითარებაზე.  წიგნის კითხვა გადაქცეულია უწყვეტ პროცესად - წაიკითხეს, ისაუბრეს, დახატეს, შექმნეს, გააზიარეს...  ამხელა სიამოვნების მიღების შემდეგ შეუძლებელია კითხვა არ მოუნდეს, არ მოუნდეს მოგზაურობა იმ ჯადოსნურ სამყაროში, რასაც წიგნები სთავაზობენ.


ხოდა, კიდევ ერთხელ (და მრავალგზის)  დავფიქრდი - მე, მე რას ვთავაზობ ჩემს მოსწავლეებს?


ბიბლიოთეკები არ უნდა დარჩნენ ტრადიციული ფორმების ტყვეობაში. უნდა გააქტიურდეს ახალი მიმართულებები და ბიბლიოთეკა უნდა  იქცეს ყველაზე სასურველ ადგილად სკოლის მოსწავლეებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვან მხარდამჭერად სწავლა-სწავლების პრცესებში.  ტექნლოგიური ცივილიზაციის პირობებში ის უნდა გადაიქცეს მრავალფუნქციურ გარემოდ. უნდა შეგვეძლოს მოსწავლეებს (და არა მარტო მათ), შევთავაზოთ როგორც დაბეჭდილი წიგნები, ასევე ელექტრონული წიგნები, ელექტრონული მასალები. უნდა ჰქონდეს მოსწავლეს არჩევანის საშუალება და მასწავლებელს ეგულებოდეს რეალური რესურსი მისი სკოლის ბიბლიოთეკაში - როგორც წიგნების სახით, ასევე ელექტრონული სახით და რაც მთავარია, უნდა იცოდეს, რომ ბიბლითეკის პერსონალი ის ძალაა, ვინც მოსწავლეებს რეალურად მისცემს საშუალებას კითხვით, სწავლით მიიღონ სიამოვნება და შეძლონ განვითარება.

ფოტოები გამოყენებულია DGsalt-ის არქივიდან (მერილენდის გოგონათა სკოლა აშშ)


ელენე ბეთლემიშვილი

შესახებ ელენე ბეთლემიშვილი

ავტორის შესახებ მოკლე ინფო, სულაც ერთი აბზაცი

გამოიწერეთ ეს ბლოგი ფოსტაზე :

1 comments :

Write comments
May 14, 2017 at 11:15 PM delete

საინტერესო პრაქტიკის გაზიარებაა!!!

Reply
avatar

© განსაკუთრებული მადლობა .