Thursday, February 23, 2017

რუსა მარკოზაშვილი

სამოქმედო კვლევა




ტერმინი კვლევა საკმაოდ ხშირად გვესმის საგანმანათლებლო წრეებში. მაგრამ რას ნიშნავს ეს? თუ თქვენ სთხოვთ სამ ადამიანს განმარტოს კვლევა, შეიძლება მიიღოთ სამი სხვადასხვა პასუხი.

რა არის კვლევა?

როგორც წესი, კვლევა ტარდება სკოლის გარემოში და მისი შედეგები აირეკლავს სასწავლო პროცესსა და სასკოლო ცხოვრებას. ხშირად კვლევა ეს არის კოლეგებს შორის ერთობლივი საქმიანობა, ყოველდღიური პრობლემის გადაწყვეტის ძიება, რათა გააუმჯობესონ და გაზარდონ მოსწავლეთა მიღწევები.

კვლევა ეს არის პროცესი, სადაც მონაწილეები სისტემატურად იკვლევენ საგანმანათლებლო პრაქტიკას და იყენებენ კვლევის ტექნიკებს.

რა არის სამოქმედო კვლევა?

სამოქმედო კვლევა არის მკვლევარი პედაგოგების, დირექტორების, სასკოლო საბჭოს წარმომადგენლების ან სასწავლო დაწესებულებებში მომუშავე სხვა დაინტერესებული პირების მიერ ჩატარებული ნებისმიერი სახის მეთოდური გამოკვლევა კონკრეტული სკოლის საქმიანობის, სწავლა-განათლებისა და მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზნით.

სამოქმედო კვლევა არის კვლევა, რომელსაც პედაგოგები საკუთარი თავისთვის ატარებენ; იგი არ ტარდება გარე პირების მიერ. სამოქმედო კვლევის დროს პედაგოგები ჩაბმული არიან ოთხსაფეხურიან პროცესში. ეს საფეხურებია:

  • პრიორიტეტული სფეროს განსაზღვრა;
  • მონაცემთა შეგროვება;
  • მონაცემთა ანალიზი და ინტერპრეტირება;
  • სამოქმედო გეგმის შემუშავება;
რა არის პრაქტიკული სამოქმედო კვლევა?

პრაქტიკული სამოქმედო კვლევა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ მივუდგეთ სამოქმედო კვლევის პროცესს. გარკვეულწილად, იგი გულისხმობს, რომ ინდივიდუალური პედაგოგები და პედაგოგთა ჯგუფები არიან დამოუკიდებლები და შეუძლიათ განსაზღვრონ ჩასატარებელი კვლევის ხასიათი. კვლევა ასევე გულისხმობს, რომ მკვლევარ პედაგოგებს ნაკისრი აქვთ გრძელვადიანი პროფესიული განვითარებისა და სკოლის გაუმჯობესების ვალდებულება და სურთ თავიანთი პრაქტიკის სისტემატური განხილვა. გადაწყვეტილების მიმღები პირები, მკვლევარი პედაგოგები თავად ირჩევენ პრიორიტეტულ სფეროს, განსაზღვრავენ მონაცემთა შეგროვების ტექნიკას, ახდენენ მონაცემთა ანალიზსა და ინტერპრეტირებას და ავითარებენ სამოქმედო გეგმას, კვლევის აღმოჩენებზე დაყრდნობით.

სამოქმედო კვლევა ასევე გულისხმობს ყოველდღიურ სწავლების პროცესში სრულყოფისკენ სწრაფვას _ სურვილს, კრიტიკულად შეაფასონ საკუთარი სწავლების მეთოდები, რათა გააუმჯობესონ ან აამაღლონ იგი. ეს ნიშნავს იმ პრინციპის გაზიარებას, რომ შენ, როგორც პედაგოგი, შორს ხარ იდეალურისაგან, მაგრამ მაინც მიილტვი მისკენ - ეს არის განათლების არსი! სამოქმედო კვლევა მნიშვნელოვნად ეხმარება პროფესიულ სრულყოფას, რასაც პედაგოგები იზიარებენ, რადგან ის უბიძგებს მათ, შეამოწმონ დინამიკა თავის კლასში, აწონ-დაწონონ მოქმედებები და მოსწავლეების დამოკიდებულება, დაასაბუთონ და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ არსებული პრაქტიკა, გარისკონ ამ პროცესში. როდესაც, სამოქმედო კვლევის დახმარებით, პედაგოგები ახლებურად შეხედავენ როგორც საკუთარ, ისე თავიანთი მოსწავლეების ქცევას, ისინი შეძლებენ:

  • გადაწყვეტილება მიიღონ იმის შესახებ, თუ რა უნდა შეიცვალოს ან, პირიქით, არ შეიცვალოს;
  • ადრე მიღებული ცოდნა დაუკავშირონ ახალშეძენილ ინფორმაციას;
  • ისწავლონ საკუთარ გამოცდილებაზე (შეცდომებსა და წარუმატებლობაზე);
  • დასვან კითხვები და სისტემატურად ეძებონ პასუხი. (ფუეო და კოორლანდი, 1997);
პედაგოგების მიერ პროფესიული პრობლემის მოგვარება აუმჯობესებს როგორც მათ პრაქტიკულ საქმიანობას, ასევე მოსწავლეების შედეგებსაც და გვაჩვენებს მიზეზს, თუ რატომ უნდა ჩატარდეს სამოქმედო კვლევა;

იმისათვის, რომ სამოქმედო კვლევა ჩვენი პედაგოგიური პრაქტიკის ყოველდღიურ შემადგენელ ნაწილად იქცეს, კარგად უნდა გავეცნოთ პროცესს და გავარკვიოთ, არის თუ არა უკვე სამოქმედო კვლევა ჩვენი, როგორც პედაგოგების, ყოველდღიური პრაქტიკის ნაწილი. განვიხილოთ, რამდენად ჰგავს პედაგოგიური საქმიანობა სამოქმედო კვლევის ჩატარების საქმიანობას. ნებისმიერ კონკრეტულ გაკვეთილზე თქვენ გეგმავთ, ახორციელებთ და აფასებთ თქვენი სწავლების მეთოდს, იმავეს აკეთებს მკვლევარი პედაგოგი, როდესაც ატარებს სამოქმედო კვლევას. თქვენ შეიმუშავებთ მიზნების სიას (პრიორიტეტულ სფეროს), ატარებთ გაკვეთილს და აფასებთ, რამდენად მიაღწიეს ბავშვებმა მიზნებს შემაჯამებელი შეფასების მეშვეობით (მონაცემთა შეგროვება), გაკვეთილის ბოლოს აჯამებთ, რა მოხდა (მონაცემთა ანალიზი და ახსნა) და დღის ბოლოს თქვენს დროს უთმობთ იმის გარკვევას, თუ როგორ გავლენას მოახდენს დღევანდელი გაკვეთილი ხვალინდელ გაკვეთილზე (მოქმედების დაგეგმვა). სამოქმედო კვლევის მსგავსად, სწავლების პროცესი არის ინტუიციური და გაკვეთილის ინტუიციურად ჩატარება ახასიათებთ როგორც გამოცდილ, ასევე დამწყებ პედაგოგებს.

სამოქმედო კვლევა არის სისტემატური კვლევა, რომელსაც ატარებენ პედაგოგები (ან სასწავლო პროცესში ჩართული სხვა პირები), რათა შეაგროვონ ინფორმაცია _ და შემდეგ გააუმჯობესონ _ როგორ მუშაობს კონკრეტულად მათი სკოლა, როგორ ასწავლიან და რამდენად კარგად სწავლობენ მათი მოსწავლეები.

კვლევის მეთოდები

არსებობს კვლევის ჩატარების მრავალი მეთოდი. ზოგიერთი მეთოდი მოიცავს:

  • ინდივიდუალურ ან ჯგუფურ დაკვირვებას; (მასწავლებელი ინიშნავს, რა სიხშირით იწევს ხელს მოსწავლე)
  • აუდიო და ვიდეო ფირზე ჩაწერას; 
  • სტრუქტურირებულ და ნახევრად სტრუქტურირებულ ინტერვიუებს;
  • კითხვარების გამოყენებას; (რას შეცვლიდით საგაკვეთილო პროცესში თქვენი ნება რომ იყოს? შეგიძლიათ აღწეროთ ის გაკვეთილი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონებიათ?)
  • შეფასების სკალას;
  • ინვენტარს;
  • დაკვირვებას; (დღეს გიორგიმ კიდევ არ მოიტანა... ჩემს თავს ვეკითხები...)
  • რუკების შედგენას;
  • ვიზუალურ გამოსახულებებს;
  • ფოტოსურათებს;
  • ჟურნალებსა და დღიურებს;

მკვლევარებმა შეიძლება გამოიყენონ ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთზე მეტი მეთოდი, მდიდარი და მნიშვნელოვანი მონაცემების შეგროვების მიზნით.

პრაქტიკული სამოქმედო კვლევის მიდგომის თანახმად, მკვლევარი პედაგოგები თავად ირჩევენ პრიორიტეტულ სფეროს, განსაზღვრავენ მონაცემთა შეგროვების ტექნიკას, ახდენენ მონაცემთა ანალიზსა და ინტერპრეტირებას და ავითარებენ სამოქმედო გეგმას, კვლევის აღმოჩენებზე დაყრდნობით.

მაგალითად: თქვენ მიიღეთ მათემატიკაში პრობლემის მოგვარების ახალი სასწავლო პროგრამა და გადაწყვიტეთ, შეამოწმოთ მისი გავლენა მოსწავლეების მოსწრებაზე პრობლემის გადაჭრისას მრავალპასუხიანი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში და ზოგადად, მოსწავლეების დამოკიდებულებაზე მათემატიკის მიმართ.

სამოქმედო კვლევა ძირითადად პედაგოგების პროფესიულ განვითარებას შეეხება, რაც გულისხმობს პედაგოგების წახალისებას, რათა გააგრძელონ სწავლა საკლასო ოთახებში და პრაქტიკულად. მიუხედავად იმისა, რომ სამოქმედო კვლევა არ არის უნივერსალური საშუალება საგანმანათლებლო რეფორმაში სირთულეების დასაძლევად, იგი პედაგოგთა პროფესიული მომზადებულობის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან საშუალებას აძლევს პედაგოგებს, აჩვენონ თავიანთ მოწაფეებს, თუ როგორ ხდება ცოდნის შეძენა.

სამოქმედო კვლევა სკოლის მასშტაბით

სკოლის მასშტაბით სამოქმედო კვლევა გულისხმობს სკოლის საზოგადოების ყველა წევრის საერთო მიზნისთვის ერთობლივად მუშაობას. მაგალითად: სკოლის მასშტაბით კითხვის, წერის ან მათემატიკის სწავლების გაუმჯობესება, რაც დაწყებითი სკოლისთვის საერთო მიზანია. ანდა სკოლას სურს გამოიკვლიოს რა გავლენა აქვს მოსწავლეების სწავლისადმი დამოკიდებულებასა და მათ აკადემიურ მოსწრებაზე ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარებას. მთელი სკოლის მასშტაბით ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, სამოქმედო კვლევის აღმოჩენების საფუძველზე ძალისხმევას მიმართონ სკოლის გაუმჯობესებისათვის. დახმარება, თანამშრომლობა და კომუნიკაცია მოქმედების დაგეგმვის პროცესში არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე კვლევის სხვა ეტაპებზე. სკოლის ამოცანაა ჩააბას მონაწილეები მიზნის მიღწევისაკენ სწრაფვის პროცესში, რაც მიზნის მიღწევის მთავარი წინაპირობაა.




გამოყენებული ლიტერატურა

1. ჯეფრი ი. მილსი, სამოქმედო კვლევა, სახელმძღვანელო მკვლევარ პედაგოგთათვის. 

2. ელექტონული წყარო -  study.com







რუსა მარკოზაშვილი

შესახებ რუსა მარკოზაშვილი

ავტორის შესახებ მოკლე ინფო, სულაც ერთი აბზაცი

გამოიწერეთ ეს ბლოგი ფოსტაზე :
© განსაკუთრებული მადლობა .