Thursday, March 2, 2017

Unknown

ფიზიკა და ინფორმაციული ტექნოლოგიები



თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მაღალი ტემპი ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს სასწავლო პროცესს.

2001  წელს მარკ პრენსკიმ დაამკვიდრა ტერმინიციფრული აბორიგენი“, იმ ადამიანების დასახასიათებლად, ვინც დაიბადნენ და გაიზარდნენ მას შემდეგ, რაც ციფრული ტექნოლოგიები მყარად შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში. მათთვის წარმოუდგენელია ცხოვრება ტექნოლოგიების გარეშე. დღეს მასწავლებლებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ იმისათვის, რომ მოსწავლეთა ყურადღება შეინარჩუნონ, რადგან ისინი გაკვეთილზე დაბნეულნი არიან და ერთ საკითხზე კონცენტრირება უჭირთ. ამავე დროს, ისინი მშვენივრად ახერხებენ კონცენტრირებას ფილმებზე და თამაშებზე, შეუძლიათ საათები მოანდომონ მათთვის საინტერესო მობილურის შესწავლას ან თამაშების გარჩევას. ისინი არ აღიარებენ სწავლების ძველებურ მეთოდებს.

უფროსი თაობისაგან განსხვავებით, მათ არ მოუხდათ ტექნოლოგიური ბარიერის გადალახვა. არც კომპიუტერზე მუშაობის სწავლა დასჭირვებიათ, ვინაიდან, როდესაც დაიბადნენ, კომპიუტერი უკვე იდგა მათ სახლებში და თამაშ-თამაშში დაეუფლნენ ამ ტექნოლოგიას. ისინი ციფრული ეპოქის მკვიდრ მოსახლეობას წარმოადგენენ. უფროს თაობას კი, თავის დროზე, კომპიუტერზე მუშაობის სწავლა მოუწია, მათ მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით გაჯერებულ სამყაროსთან ადაპტაციის რთული პროცესი გაიარეს, როდესაც ისინი დაიბადნენ, ეს ყველაფერი ამ დოზით არ არსებობდა. შესაბამისად, უფროსი თაობა ციფრული ტექნოლოგიების ეპოქის ემიგრანტია.

როგორც პრენსკი ამბობს, ციფრული ეპოქის ემიგრანტები განსხვავებული მოდელებით აზროვნებენ,  უფრო მეტიც, სხვანაირად გასცემენ და სხვანაირად იღებენ ინფორმაციას. როდესაც ციფრული ეპოქის ემიგრანტები ცდილობენ, ამავე ეპოქის აბორიგენებს ასწავლონ, პარადოქსული სიტუაცია იქმნება. თავად განსაჯეთ, მასწავლებელმა, რომელიც კარგად ვერ ფლობს სალაპარაკო ენას და აქცენტით ლაპარაკობს, როგორ უნდა ასწავლოს სტუდენტებს? სწორედ ამ დროს იქმნება ასე ნაცნობი სიტუაცია, როდესაც უფროს თაობას ჰგონია, რომ ახალგაზრდები გაუნათლებლები არიან და ცდილობენ ასწავლონ იმ მეთოდებით, მიაწოდონ ის ინფორმაცია, რომელიც მათთვის არის გასაგები.  ახალგაზრდა თაობა კი საერთოდ ვერ ხვდება, რას სთხოვენ, რა უნდათ მათგან იმ ადამიანებს, რომლებსაც თანამედროვე სამყაროში ამდენ მოწყობილობას შორის ორიენტაცია უჭირთ.

ცხადია, ახალგაზრდა თაობის მიერ ციფრული ტექნოლოგიების ათვისებასთან ერთად  რადიკალურად უნდა შეიცვალოს სწავლებისადმი მიდგომა. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით დაგეგმილი სასწავლო პროცესისას ვითარდება მოსწავლეთა შემოქმედებითი, საკომუნიკაციო, ანალიზის, გაგების უნარები.

მოსწავლეთა უმრავლესობა, თუ ყველა არა J, დიდ დროს ხარჯავს ესემესების წერაში, ინტერნეტიდან ფილმების, მელოდიების გადმოწერაში, სოციალურ ქსელებში ერთმანეთთან ურთიერთობაში. ესაა მათი ციფრული ცხოვრება.

მასწავლებელიც უნდა გახდესციფრული აბორიგენიიმისათვის, რომ მოსწავლისთვის გაკვეთილი გასაგებად და საინტერესოდ წარმართოს - მისი ენით უნდა ელაპარაკოს ბავშვსისეთი დავალებები უნდა მივცეთ მოსწავლეს, რომ მის შესასრულებლად დასჭირდეს კომპიუტერი და კომპიუტერული პროგრამებისასწავლო მასალით მოსწავლეთა დასაინტერესებლად, მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს სწავლების ინოვაციური მეთოდები.
 მეთოდები და პროცესის მოკლე აღწერა


მასალა, რომელსაც ვიყენებ საგაკვეთილო და არასაგაკვეთილო პროცესში:



PHET - უზრუნველყოფს ფიზიკურ მოვლენათა სახალისო, ინტერაქტიულ, კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას. ვირტუალური ლაბორატორია ახდენს რეალური მოვლენების იმიტაციას კომპიუტერის საშუალებით. ის ხელს უწყობს მოსწავლეს აღიქვას და შეისწავლოს მოვლენა რეალურ გარემოში დაკვირვების გარეშე. მეტიც, ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით დაკვირების პროცესი  შესაძლებელია იმდენჯერ განმეორდეს, რამდენჯერაც საჭიროა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ სფეროებში, რომლებშიც რეალური ექსპერიმენტის ჩატარება და მისი მრავალჯერადი გამეორება რთულია და ზოგჯერ შეუძლებელიც. აქ მოცემული მასალა ეხმარება მოსწავლეს ამა თუ იმ ფიზიკური მოვლენის შინაარსის წვდომაში. სიმულაცია ახდენს თვალისათვის უხილავი მოვლენების ვიზუალიზაციას. კვლევის წახალისებისთვის სიმულაციები უზრუნველყოფენ ისეთი საზომი ხელსაწყოების გამოყენებას, როგორიცაა სახაზავი, წამზომი, ამპერმეტრი, ვოლტმეტრი, თერმომეტრი და .. თუმცა უნდა აღინიშნოს , რომ ასეთ პროგრამულ უზრუნველყოფას მხოლოდ დამხმარე დანიშნულება აქვს და ის მთლიანად ვერ შეცვლის რეალურ ექსპერიმენტს ან რეალურ მოვლენაზე დაკვირვებას.


Skoool საქართველო არის Intel -ის მიერ წამოწყებული ინიციატივა, რომელიც უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით, გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ ინტერაქტიური, ინოვაციური და საინტერესო სასწავლო პროგრამები. აქ განთავსებულია საგანმანათლობლო რესურსები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მათემატიკაში, ზოგადი განათლების სწავლების სამივე საფეხურისთვის. მასალა მოცემულია მარტივი, გასაგები ენით. მოსწავლე ხედავს პროცესს და ისმენს მის განმარტებას. რის შემდეგაც ასრულებს ტესტს, მიღებული ცოდნის შესამოწმებლად.


LeargninApps.org ესაა საიტი, რომელიც განკუთვნილია სასწავლო პროცესში სავარჯიშოების შექმნისა და გამოყენებისთვის. ჩემ მიერ შექმნილი სავარჯიშოებია: წრფივი თანაბარი და არათანაბარი მოძრაობა, სიჩქარის ერთეულები, ოპტიკა.

PowerPoint – ში შესრულებული, ჩემსა და მოსწავლეების მიერ შექმნილი პრეზენტაციები, რომლებიც განთავსებულია ბლოგებზე: ტრენერის ბლოგი, მესამე სკოლა


PowToon - კიდევ ერთი საინტერესო პროგრამაა კრეატიული, სასწავლო პრეზენტაციების და ვიდეო რგოლების შესაქმნელად. პროგრამით სარგებლობა შეიძლება დარეგისტრირების შემდეგ. შესაძლებელია მზა შაბლონების გამოყენება, ანიმაციური გამოსახულებების ჩასმა და მუსიკის დადება. სერვისი მარტივი და ადვილად გასაგებია.


Office mix  - ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომლითაც შეგიძლიათ შექმნათ ინტერაქტიური გაკვეთილები. მაგალითად, ჩაწეროთ აუდიო, ვიდეო გაკვეთილი, სადაც მოუყვებით თქვენს მოსწავლეებს ახალ მასალას. მისი ჩაშენება შეგვიძლია PowerPoint  - ში. შეიძლება რესურსის ექსპორტირება როგორც mp4 ფორმატის ვიდეო. გაკვეთილში შესაძლებელია ტესტების ჩაშენებაც. თუ იყენებთ PowerPoint -, მიქსის გამოყენება არ გაგიჭირდებათშემოგთავაზებთ ამ ინსტუმენტით შექმნილ რამოდენიმე გაკვეთილის ნიმუშს: გამტართა მიმდევრობითი შეერთება, ომის კანონი წრედის უბნისათვის.

საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია დავადასტურო, რომ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში საშუალებას გვაძლევს:
  • გავითვალისწინოთ მოსწავლეების ინდივიდუალური შესაძლებლობები;
  • განვავითაროთ მოსწავლეთა კვლევითი და შემოქმედებითი უნარ-ჩვევები;
  • მოსწავლეს ჩამოვუყალიბოთ ცოდნის დამოუკიდებლად შეძენის უნარები;
  • ვუზრუნველყოთ საპროგრამო მასალის ხარისხიანად ათვისება;
  • ავამაღლოთ ფიზიკის სწავლების ხარისხი;
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ისტ) მიეკუთვნება, ეგრეთ წოდებულ, გამჭოლ სასწავლო პრიორიტეტებს, აქედან, ისტ-ის სწავლება  მოიაზრება არა მხოლოდ  სასწავლო დისციპლინებიდან დამოუკიდებლად, არამედ  ისტ-ის სასწავლო გეგმის რეალიზება უნდა მოხდეს ყოველ ცალკეულ სასწავლო დისციპლინაში მათი ერთმანეთთან ეფექტური ინტეგრაციის მიზნით.




 გამოყენებული ლიტერატურა



Цифровые аборигены и иммигранты
http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=12&id=14 კულტურის გადაცემის პრეფიგურაციული ტიპი.

სტატიის ავტორი: ნინო კოკილაშვილი




Unknown

შესახებ Unknown

ავტორის შესახებ მოკლე ინფო, სულაც ერთი აბზაცი

გამოიწერეთ ეს ბლოგი ფოსტაზე :
© განსაკუთრებული მადლობა .