Wednesday, February 15, 2017

მარეხი ჯელაძე

ჯგუფური მუშაობის პრინციპები





ჯგუფური მუშაობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია, რომლის განვითარებაც მოსწავლეებში ეფექტიან დაგეგმვასა და მუშაობის წარმართვას მოითხოვს მასწავლებლის მხრიდან.

იმისათვის რომ ჯგუფურმა მუშაობამ გააუმჯობესოს სწავლის ხარისხი და თავიდან აგვაცილოს მოსალოდნელი პრობლემები, სასურველია იგი დავყოთ 4 ფაზად : დაგეგმვის, წარმართვის, პრეზენტაციის და რეფლექსიის ფაზად.

თუ ამ თანმიმდევრობას დავიცავთ, მეტი გარანტია გვექნება, რომ მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც მაქსიმალურ აკადემიურ სარგებელს ნახავენ ჯგუფური მუშაობისგან. 
გაკვეთილიზე ჯგუფური მუშაობა შეიძლება გამოვიყენოთ თემის დასაწყისში, რათა მოსწავლეებმა წინასწარ მოიფიქრონ, რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს შესასწავლ თემას, უშუალოდ საკითხის ჩაღრმავების მიზნით, ან თემის შესაჯამებლად.

თუ ჯგუფში მუშაობის წესებს მასწავლებელი ერთხელ გასაგებად განმარტავს, შემდეგ მას კლასში ყოველთვის გამოიყენებენ.

ჯგუფური მუშაობა, შეიძლება ითქვას, მოსწავლეებს ამზადებს რეალური ცხოვრებისათვის, სადაც სამსახურებში ადამიანებს ერთად უწევთ პრობლემების გადაწყვეტა. საინტერესო საკითხია პასუხისმგებლობის განაწილება. ჯგუფში მუშაობის უნარი შეიძლება კომპეტენციად ჩაითვალოს და გაკვეთილის მიზანიც კი გავხადოთ. დღევანდელ ყოველდღიურობაში სხვადასხვა ტიპის ადამიანები ცდილობენ ერთი მიზნის მიღწევას და ამას ვერ მოახერხებენ, თუ რომელიმე მათგანი მხოლოდ თავის თავზეა ორიენტირებული. ჯგუფში მუშაობა გვთავაზობს საკითხის სხვადასხვაგვარ ხედვასა და განსხვავებულ არგუმენტებს. ამგვარად აფართოვებს თვალსაწიერს. კვლევებმა აჩვენა, რომ ჯგუფური მუშაობა, ისევე როგორც წყვილებში მუშაობა , უფრო შედეგიანია, როცა ჯგუფები ჰეტეროგენულია (იგი შედგება სხვადასხვა სქესის, წინარე ცოდნისა და მოსწრების მქონე მოსწავლეებისაგან).

როგორ დავაჯგუფოთ მოსწავლეები?
  • შემთხვევითობის პრინციპით (გათვლა, ერთნაირი ბარათების აღება, კანფეტების ფერები, დაბადების დღეები). მოსწავლეები ამგვარ დაყოფას არ ეწინააღმდეგებიან , მაგრამ მასწავლებელს არ შეუძლია დარწმუნებული იყოს იმაში , მიიღებს თუ არა ჰეტეროგენულ ჯგუფს. 
  • მასწავლებელი გადაწყვეტს როგორ დააჯგუფოს, ასეთ შემთხვევაში მოსწავლეების მხრიდან წინააღმდეგობის თავიდან ასაცილებლად, მასწავლებელს მოუწევს ახსნა, რატომ გადაწყვიტა ასე და რომელი წევრისაგან რა წვლილს მოელის საერთო საქმეში. 
  • მოსწავლეები გადაწყვეტენ როგორ დაჯგუფდნენ, იმისდა მიხედვით ვის რომელი თემა აინტერესებს ან პირადი სიმპათიის გამო; ამგვარი დაჯგუფების დადებითი მხარე ისაა, რომ ჯგუფის წევრები მშვიდად და დაცულად გრძნობენ თავს, უარყოფითი კი ის, რომ სხვებთან ახლო კონტაქტის შანსს კარგავენ,ანდა ზოგიერთი მოსწავლე საერთოდ ჯგუფის გარეშე შეიძლება დარჩეს.
მოსწავლეების უბრალოდ იმის მიხედვით გადანაწილება ჯგუფში, თუ ვინ ზის ერთმანეთთან ახლოს, არაა ჯგუფებად დაყოფა, ეს უფრო რაღაც წრეს გავს, სადაც ისინი მიჩვეულ გარემოში მყუდროდ გრძნობენ თავს.კარგი ჯგუფი გულისხმობს განსხვავებული ასაკის, სქესის, წინარეცოდნის, სხვადასხვა აკადემიური მოსწრებისა და კულტურის წარმომადგენლების ერთობლიობას ( თუ მიზნიდან გამომდინარე საჭირო არაა აუცილებლად ჰომოგენური ჯგუფის არსებობა).
  • მაღალი და დაბალი აკადემიური მოსწრების მიხედვით დაჯგუფება (ჰომოგენური ჯგუფი): აქ საჭიროა სიფრთხილე, ასეთი ჯგუფების ხშირად ჩამოყალიბებამ ხელი არ შეუშალოს ცოდნის გაზიარებას და არ გააჩინოს აკადემიური ნაპრალი. 
  • განსხვავებული აკადემიური მოსწრების მქონე ( ჰეტეროგენული) ჯგუფები სასურველია იმ თვალსაზრისით, რომ ყველა მოსწავლეს აქვს გაზიარებისა და ცოდნის/გამოცდილების ახალ საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობა. 
ჯგუფის ზომა კი დამოკიდებულია დავალების შინაარსს, მიზანსა და კლასის წყობაზე.ალბათ ყველაზე აზრიანია 3-5 მოსწავლისაგან შემდგარი ჯგუფი. მასწავლებელს რასაკვირველია ვარირების საშუალება აქვს.
იმისათვის რომ ჯგუფურმა მუშაობამ ნაყოფიერად ჩაიაროს, საჭიროა წევრებმა გაიაზრონ, რომ უნდა გაერთიანდნენ და სამუშაოს ორგანიზება დამოუკიდებლად შეძლონ. 

რა პრობლემა შეიძლება წარმოიშვას კლასში?

ჯგუფში ყოველთვის იქნება ჯგუფისა და პირად ინტერესთა კონფლიქტი, რაც დადებით მხარედაც კი შეიძლება ჩაითვალოს, რადგან საჭირო გახდება საუკეთესო გამოსავლის პოვნა.

მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფური მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეებმა ერთად შეიმუშაონ ჯგუფში მუშაობის წესები. მათ უნდა ისწავლონ: მუშაობის , კომუნიკაციისა და თანამშრომლობის პრინციპები, ასევე პასუხისმგებლობის აღება საკუთარ სამუშაოზე. ჯგუფში მუშაობა შეესაბამება ადამიანის სოციალურ მოთხოვნილებებს. თითოეულ მონაწილეს უხდება კამათი და საკუთარი აზრის არგუმენტირება. ეს ხელს უწყობს სოციალური ფიქრის, დამოკიდებულებებისა და ქცევის ჩამოყალიბებას. კარგად ორგანიზებულ ჯგუფურ მუშაობაში მოსწავლეები პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს ხედავენ სოციალურ კონტექსტში, რაც მათ ერთმანეთზე მიკუთვნებულობის გრძნობას უჩენს და ასე ვითარდება გუნდურობის სული.ჯგუფური მუშაობა საშუალებას იძლევა მოსწავლეებმა მრავალი განსხვავებული როლი პირადი იმედგაცრუების გარეშე მოირგონ. თვით გაუბედავი მოსწავლეებიც კი თავს დაცულად გრძნობენ და საშუალება ეძლევათ გამოთქვან აზრი, უჩნდებათ საკუთარი საჭიროების შეგრძნება.

უარყოფითი გამოცდილება შეიძლება იყოს შემდეგი:
  • ჯგუფში მუშაობის წესები გაუგებარია 
  • ჯგუფის დავალება არაა გასაგები, მასალა არასაკმარისია 
  • გარემო არაა შესაბამისი 
  • ჯგუფის გარკვეული წევრები დომინირებენ, ამას მასწავლებელი არ ამჩნევს და არ/ვერ რეაგირებს 
  • ზოგიერთები მუშაობენ, ზოგიერთები ცდილობენ „სხვების ხარჯზე გამოძვრომას“.ამას მასწავლებელი არ ამჩნევს და არ/ვერ რეაგირებს 
  • მხოლოდ ერთი წარმოადგენს შედეგს და ქებასაც ის იმსახურებს 
  • შედეგი არასასურველია, რადგან ზოგიერთებმა იზარმაცეს 
  • ადგილი აქვს დისკრიმინაციას 
  • ზოგ წევრს აქვს მეტისმეტად ბევრი, ზოგს მეტისმეტად ცოტა დავალება
ჯგუფური სამუშაოს წარმართვა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, წარმატებისათვის აუცილებელია წესების შემუშავება და დაცვა.მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მასწავლებლის უშუალო ჩარევის გარეშე საერთო მიზნის მიღწევა. ამისათვის აუცილებელია შევიმუშაოთ წესების ჩამონათვალი:
  • ჯგუფური მუშაობისათვის საჭიროა ყველა ერმანეთს დავეხმაროთ და გავამხნეოთ, 
  • სხვისი აზრი ტოლერანტულად მივიღოთ 
  • მოვუსმინოთ და განვიხილოთ ერთმანეთის აზრი 
  • თავიდან ავირიდოთ პიროვნული უპატივცემლობა და შეურაცხყოფა 
  • არ გავრიყოთ ჯგუფის წევრი 
  • ყველამ მაქსიმალურად მივიღოთ მონაწილეობა 
  • არ გადავუხვიოთ თემასა და დავალების მიზანს 
  • განვიხილოთ და შევაფასოთ მოსალოდნელი პრობლემები 
  • ყველამ დავიცვათ წესები
შესასწავლი საკითხის კუთხით თუ შევხედავთ:
  • შედეგი უნდა იყოს მეცნიერულად მართებული
  • ყველამ უნდა იმუშაოს შეთანხმებული შედეგის მისაღებად და გააზრებულად უნდა ესმოდეს იგი
  • თემა უნდა დამუშავდეს სიღრმისეულად
  • ყველამ უნდა მიიღოს სარგებელი ცოდნის, გაგებისა და გამოყენების მხრივ.
როგორ დავანაწილოთ პასუხისმგებლობები ჯგუფის წევრებს შორის

იმისათვის რომ ჯგუფური სამუშაო ნაყოფიერად წარიმართოს,საჭიროა პასუხისმგებლობები გადავანაწილოთ: ვინ წარმართავს დისკუსიას, განსაზღვრავს სამოქმედო გეგმას, დაიცავს დროის ლიმიტს, უზრუნველყოფს წესების დაცვას, გააფორმებს პრეზენტაციას. სასურველია სხვადასხვა დროს ყველამ განსხვავებული პასუხისმგებლობა აიღოს. ასევე მნიშვნელოვანია შესრულებული სამუშაოს წარდგენაში ყველამ მიიღოს მონაწილეობა. აჯობებს თუ ჯგუფი სამუშაოს დასრულებისას გადაწყვეტს, ვინ რომელ ნაწილს წარადგენს, რათა ჯგუფის წევრები ბოლომდე მოტივირებული იყვნენ.

აუცილებელია ჯგუფური მუშაობის დაწყებისთანავე თეორიულად შევამზადოთ მოსწავლეები. მხარდასაჭერად შეიძლება შემდეგი რუბრიკა გადავცეთ:

მაგალითები:

ყველა მოსწავლე 5 წუთის გამნავლობაში ჩამოწერს წესებს, როგორ სურს ჯგუფში მუშაობა. შემდეგ მოსწავლეები გაერთიანდებიან მცირე ჯგუფებში-ტრიადებში, სადაც ჩამოაყალიბებენ მაგ „ 7 ოქროს წესი ჯგუფში მუშაობისას“. ყოველი 2ტრიადა ერთიანდება და შეაჯერებენ ნამუშევარს (მაქსიმუმ10) „ 10 ოქროს წესი ჯგუფში მუშაობისას“. ამ შედეგს განიხიხლავენ კლასში და საბოლოო 5-7 ან 10 წესს ჩამოაყალიბებენ.

ფუნქციების დანაწილება

პასუხისმგებლობები:
  • ვინ წარმართავს დისკუსიას; 
  • ვინ განსაზღვრავს სამოქმედო გეგმას; 
  • ვინ დაიცავს დროის ლიმიტს; 
  • ვინ უზრუნველყოფს წესების დაცვას;
  • ვინ გააფორმებს პრეზენტაციას.
ყველა მოსწავლე ინდივიდუალურად მიიღებს ბარათს, რომელზედაც წერია მოსწავლეთა პასუხისმგებლობები და განმარტავს, რომელი პასუხისმგებლობა რა სამუშაოს შესრულებას გულისხმობს. შემდეგ მოსწავლეები 5 კაციან ჯგუფებში მუშაობენ და ერთობლივ ნამუშევარს გვთავაზობენ.

მასწავლებლის როლი ჯგუფურ მუშაობაში

მასწავლებელი არის ინიციატორი, ინფორმატორი, მასტიმულირებელი, შემფასებელი (ეხმარება საკუთარი თავის კონტროლში, შეფასებასა და რეფლექსიაში).

მასწავლებელი აკვირდება ჯგუფურ მუშაობას და საკუთარ თავს უსვამს შეკითხვებს:
  • ხომ არავინ დომინირებს ჯგუფში, სხვები კი მხოლოდ მისი დამხმარეები არიან?
  • ვინ ეძებს მასწავლებელს, რათა დაეხმაროს?
  • ხომ არავინ გარიყეს?
  • ვინ ვერ ახერხებს ჯგუფთან ურთიერთობას? და ა.შ
იმისათვის რომ არ განიცადოთ იმედგაცრუება, მასწავლებლის მხრიდან გასათვალისწინებელია: შეესაბამება თუ არა დავალება ჯგუფში მუშაობის სპეციფიკას, ხომ არაა ძალიან მარტივი?

ჯგუფური სამუშაოსათვის უმჯობესია ავირჩიოთ შემდეგი ტიპის დავალებები:

დავალებები, რომელიც რაიმეს შემოწმებას, ან რჩევების მიცემას ითვალისწინებს.
დელიკატური საკითხები, რომლებსაც ერთმნიშვნელოვანი ახსნა არ აქვს:
  • კომპლექსური დავალებები
  • გონებრივი იერიშით გადასაწყვეტი დავალებები
  • მოზაიკის ტიპის დავალებები
  • დავალებები, რომელიც კონკურენციას გულისხმობს
  • ჯგუფზე ორიენტირებული როლური დავალებები.
  • დავალება უნდა იყოს ნათლად ჩამოყალიბებული, მიზანი ერთმნიშვნელოვანი და ყველასთვის ნათლად გასაგები. უნდა განვასხვავოთ დახურული, ღია და თავისუფალი დავალებები.
დახურული დავალების დროს მასწავლებელი კონკრეტულად ეუბნება მოსწავლეებს , რა უნდა გააკეთონ: ააწყონ დაალაგონ და ა.შ ასეთი დავალება სასურველია მივცეთ საწყის ეტაპზე, სანამ მიეჩვევიან ჯგუფურ მუშაობას ( მაგ., შეუსაბამე ცხოველის სურათი საარსებო გარემოს სურათს).

ღია ჯგუფური დავალებები, მიუხედავად მისი ღიაობისა, კონკრეტულად უნდა იყოს გაწერილი, თუმცა აქ მეტი თავისუფლება აქვთ მოსწავლეებს, როგორ გადაჭრიან პრობლემას და როგორ წარმოადგენენ ნამუშევარს: (მაგ., რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა კალმახების დასაცავად?)

ღია დავალებები სასურველია მივცეთ მას შემდეგ რაც, რამოდენიმეჯერ წარმატებით შეასრულეს დახურული ტიპის დავალებები.

თავისუფალი დავალებები გულისხმობს, მოსწავლეებს მივცეთ თავისუფლება აირჩიონ თემა რაზეც უნდათ დამატებით იმუშაონ და თვითონ გადაწყვიტონ, როგორ წარმოადგინონ ნამუშევარი. 

ასეთი ტიპის დავალებები კარგი ჯგუფური მუშაობის უნარის მქონე მოსწავლეებთან გაამართლებს.

ჯგუფებისთვის მისაცემი თემები ერთნაირი უნდა იყოს თუ განსხვავებული?

ერთნაირი დავალებები (მაგალითად, ექსპერიმენტის ჩატარება, როლის გათამაშება ) შეიძლება ბოლოს განვიხილოთ ერთმანეთს შევადაროთ და დისკუსია გავმართოთ.

ჯგუფებს შეიძლება ერთი და იგივე თემის სხვადასხვა ასპექტები მივცეთ განსახილველი/ შესასწავლი და შემდეგ საერთო შედეგი შევაჯამოთ. აქ მასწავლებელმა თავის თავს უნდა დაუსვას შეკითხვა: რამდენად თანაბრად მიიღო ყველამ ინფორმაციაყველა ასპექტში?

განვიხილოთ მაგალითი: გეოგრაფიის გაკვეთილზე მოსწავლეები დაყოფილი არიან 8 კაციან ჯგუფად, ყოველ ორ ჯგუფს აქვს ერთი და იგივე დავალება. მასალა ხელმისაწვდომია ყველასთვის. გაკვეთილის მიზანს წარმოადგენს განვლილი თემების გამეორება.ერთი დავალების მქონე ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციას. მათი დავალებები სიზუსტისა და სიღრმისეული გადმოცემის მიხედვით შედარდება. იქმნება საერთო კატალოგი - ამ საკითხში რისი ცოდნაა აუცილებელი. შემდეგ პრეზენტაციას აკეთებს ორი დანარჩენი ჯგუფი და ასე იქმნება ძირითადი საკითხების კატალოგი, რომელიც თავს უყრის საერთო ცოდნას.

როგორ ჩამოვაყალიბოთ დავალება ჯგუფისათვის?

საჭიროა დავფიქრდეთ:
  • ფლობენ თუ არა მოსწავლეები სამუშაოს შესასრულებლად საჭირო კომპეტენციებსა თუ წინარეცოდნას?
  • რა დამოკიდებულება, წინასწარი განწყობა აქვთ ჯგუფური მუშაობისადმი?
  • ხომ არაა საჭირო გავითამაშოთ დისკუსიის წარმართვის წესები?
  • გაითვალისწინეთ თუ არა დროისა და სივრცის მოწყობის ფაქტორი?
ეცადეთ კლასი ისე მოაწყოთ , რომ ჯგუფის წევრებს ახლო კონტაქტი ჰქონდეთ ერთმანეთთან და წინ და გვერდზეც კარგად ხედავდნენ. სასურველია ეს წყობა ფრონტალური გაკვეთილის ჩატარების საშუალებასაც იძლეოდეს.

პროდუქტი

ჯგუფების ნამუშევრები სასურველია მეთოდურად მრავაფეროვნად იყოს წარმოდგენილი:
  • წერილობით
  • კედლის გაზეთი /ფლაიერი
  • პორტფოლიო
  • აუდიო, ვიდეო მასალა
  • ინტერვიუ ექსპერტებთან
  • კოლაჟი
  • დისკუსიები
  • მოდელები
  • როლები
  • პრეზენტაცია
უკუკავშირი

სამუშაოს დასრულების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს იმპულსს აძლევს მეტაკომუნიკაციისათვის. მოსწავლეები უნდა დავაფიქროთ და ვამსჯელოთ ჯგუფურ მუშაობაზე, რა და როგორ შეასრულეს, არა მარტო შინაარსობრივად, არამედ სოციალური ურთიერთობების დონეზე, რათა გააცნობიერონ, როგორ იურთიერთონ მომავალში უკეთესი შედეგის მისაღწევად.

შეფასება

შეიძლება შეფასდეს პრეზენტაციის ხარისხი და შინაარსი. სასურველია მასწავლებელმა ჯგუფს მისცეს წერილობითი ან ზეპირი განმავითარებელი შეფასება, სადაც ასახევს ჯგუფის მუშაობაზე მისი დაკვირვების შედეგებს. წევრების ინდივიდუალურ შეფასებას მაშინ აქვს აზრი, როცა მათ ცალცალკე განსხვავებული დავალებები აქვთ მიცემული. შესაძლებელია ჯგუფის საერთო შეფასებას გავლენა ჰქონდეს წევრთა შეფასებაზე.

ჯგუფის შესაფასებლად სასურველია გამოვიყენოთ წინასწარ გამზადებული რუბრიკა




გამოყენებული ლიტერატურა:
http://methodenpool.uni-koeln.de/download/gruppenarbeit.pdf
http://home.uni-leipzig.de/didakrom/Methoden/Methoden%20des%20Studienseminars%20Solingen%20Wuppertal%20Sekundarstufe%20I/Methodenkarten_Gruppenarbeit.pdf


ავტორები: მარეხი ჯელაძე, შორენა მიქაბერიძე


მარეხი ჯელაძე

შესახებ მარეხი ჯელაძე

ავტორის შესახებ მოკლე ინფო, სულაც ერთი აბზაცი

გამოიწერეთ ეს ბლოგი ფოსტაზე :
© განსაკუთრებული მადლობა .