Monday, April 3, 2017

მარეხი ჯელაძე

განათლების სისტემის ტრანსფორმაციის კონტურები








2012 წელს პროფესორ ბილ სემსის მიერ შექმნილმა ვიდეომ - Epic 2020 - დიდი რეზონანსი გამოიწვია აკადემიურ წრეებში. ვიდეოში ის აღწერდა ტექნოლოგიების განვითარებით გამოწვეულ ცვლილებებს განათლების სისტემაში. მისი აზრით კოლეჯების და უნივერსიტეტების უმრავლესობა შეწყვეტენ არსებობას იმ ფორმით, რაც დღესაა; აკადემიური განათლება ცოდნის მიღების ძირითადი საშუალება აღარ იქნება; ვერც აკადემიური ხარისხი განსაზღვრავს ინდივიდების მიღწევებს ან გამოცდილებას; მთლიანად შეიცვლება სწავლისთვის საფასურის გადახდის სისტემა.

სანამ განათლებაში მიმდინარე ცვლილებებს შევეხებოდეთ, საინტერესოა განვიხილოთ როგორ მივედით სწავლების იმ ფორმამდე, რომელსაც ახლა ვიყენებთ სკოლებში. განათლება ყოველთვის კონკრეტული ეპოქის ზუსტ მოდელს იმეორებდა. ასე მაგალითად, შევქმენით სკოლები, სადაც სწავლა-სწავლების მნიშვნელოვანი ასპექტი კარგი ხელწერის გამომუშავება იყო, ვინაიდან ინფორმაცია ხელნაწერი იყო; ასევე, კარგი კითხვა და ზეპირი ანგარიში, ვინაიდან ერთი ადგილიდან მეორეზე ინფორმაციის ძირითადი გადამტანები ადამიანები იყვნენ.

მოგვიანებით, განათლების სისტემამ ინდუსტრიული ეპოქის მოდელი ასახა. ისევე როგორც ზარი ფაბრიკა-ქარხნებში მომუშავეებს ერთი ცვლის მეორეთი ჩანაცვლებას აუწყებდა, სკოლაში ზარი ცვლიდა ერთ გაკვეთილს მეორეთი. ბავშვები ერთსა და იმავე მასალას სწავლობდნენ ერთსა და იმავე ტემპში, ერთი და იმავე მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ზუსტად ისევე როგორც ფაბრიკა-ქარხნებში მუშები ასრულებდნენ ერთსა და იმავე სამუშაოს განსაზღვრული ტემპით.

შეიცვალა მსოფლიო და აუცილებელი ხდება შეიცვალოს სწავლების სტილი. ტექნოლოგიების განვითარებამ დღეს ნაკლებად მნიშვნელოვანი გახადა კარგი ხელწერა და ზეპირი ანგარიში. თუ ადრე განათლებული იყო ის, ვისაც ხელი მიუწვდებოდა ინფორმაციაზე (ბიბლიოთეკებში, ქალაქებში), დღეს ინფორმაციაზე წვდომა ძალიან მარტივია, თავად ინფორმაცია კი განუზომლად დიდი. ამჟამად, მნიშვნელოვან უნარებს ინფორმაციის გაანალიზება, კრიტიკულად შეფასება, დახარისხება, ახალი ცოდნის შექმნა და რეალურ ცხოვრებაში გამოყენება წარმოადგენს.სულ უფრო ძნელი ხდება განვსაზღვროთ, თუ როგორ გარემოში ვიცხოვრებთ 10, 20 ან თუნდაც 30 წლის შემდეგ. რა ტიპის პრობლემების გადაჭრა მოუწევთ, როგორი სამუშაო გარემო ან შინაარსი ექნებათ შესასრულებელი იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ახლა ვასწავლით სკოლაში? შეკითხვა თუ რამდენად ამზადებს დღეს სკოლა მოსწავლეებს მომავლისთვის, სრულიად ბუნებრივი და დროულია. 2013 წლის “TED Talk”-ის პრიზის მფლობელი და განათლების მკვლევარი - შუგატა მიტრა - განათლების სისტემის მთავარ მიზნად ისეთი მოდელის შექმნას მიიჩნევს, რომელიც თითოეულ ბავშვს ცნობიმოყვარეობის განვითარებაში და შესაძლებლობების გამოყენებაში დაეხმარება. „ვფიქრობ ჩვენ გვჭირდება შევხედოთ სწავლებას, როგორც თვითორგანიზების პროდუქტს. თუ ამ პროცესს თვითორგანიზების საშუალებას მისცემ, სწავლება თავისით ხდება… იყო დრო როდესაც ქვის ხანის ხალხი ცას ახედავდა და იკითხავდა "რა არის ის მოციმციმე შუქი?" სწორედ მათ შექმნეს პირველი საოცარი შეკითხვების კურიკულიმი, თუმცა ეს საოცარი შეკითხვები ნელ–ნელა დაიკარგა სწავლებაში. დროთა განმავლობაში ჩვენ ეს კუთხის ტანგესის პოვნამდე დავიყვანეთ. მაგრამ ეს აღარაა საკმარისად მიმზიდველი. დღეს 9 წლის ბავშვს ეს ამგვარად უნდა აუხსნა "მეტეორი რომ უახლოვდებოდეს დედამიწას, როგორ გაიგებ დაეჯახება თუ არა?" და თუ გკითხავს "კი მაგრამ, როგორ?" შენ ეტყვი "არსებობს მაგიური სიტყვა, კუთხის ტანგესი ჰქვია. და შემდეგ დატოვებ მარტოს. ის კი თვითონ გაარკვევს. მთავარი მოსწავლეების მოტივირებაა და პროცესი თავისით მიდის.”


ცვლილებები განათლების სისტემაში უკვე დაწყებულია. ამ მხრივ საინტერესო მოვლენა 2009 წელს მოხდა, როდესაც სალმან ხანმა - პროფესიით ანალიტიკოსმა - “ხანის აკადემია” დაარსა. ამ ფაქტს წინ საინტერესო მოვლენები უსწრებდა. სალმან ხანმა ვიდეო-გაკვეთილების ჩაწერა და იუთუბზე ატვირთვა დაიწყო მათემატიკაში ბიძაშვილების დასახმარებლად. ვიდეოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა მთელი მსოფლიოდან. თავად ავტორი ამას ასე ხსნის “YouTube-ზე მათ შეუძლიათ გააჩერონ და თავიდან მიყურონ იმის განცდის გარეშე, რომ ჩემს დროს ფლანგავენ. თუ რაიმეს გადამეორება სჭირდებათ, რაც რამდენიმე კვირის ან წლის წინ ისწავლეს, არ სჭირდებათ მთხოვონ და თავი უხერხულად იგრძნონ. შუძლიათ უბრალოდ უყურონ ამ ვიდეოებს. შეუძლიათ წინ გადაახვიონ და გაიმეორეონ რაც ვერ გაიგეს, უყურონ მათთვის მოსახერხებელ დროს, საკუთარი ტემპით.” ვიდეოების ნახვების რაოდენობა სულ იზრებოდა და იზრდებოდა. ხანისთვის ნათელი გახდა, რომ ეს რაღაც უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ "მარტივად გამოყენებისთვის" შექმნილი ვიდეოები. მოგვიანებით, მან წერილები მიიღო მასწვლებლებისგან, რომლებიც წერდნენ კლასში ვიდეოების წარმატებით გამოყენების შესახებ: "ჩვენ გამოვიყენეთ თქვენი ვიდეოები კლასში მეცადინეობისას. თქვენს ლექციებს საშინაო დავალებად ვაძლევთ, და რასაც ადრე ვაძლევდით საშინაო დავალებად ახლა კლასში ვაკეთბინებთ მოსწავლეებს."

ხანის მარტივმა ტექნოლოგიური ინსტრუმენტებით აწყობილმა ვიდეოებმა განათლების ტრანსფორმაციას მისცა ბიძგი. მან მალე სამსახური დატოვა და არაკომერციული ორგანიზაცია “ხანის აკადემია” დაარსა. მაინც რატომ გახდა მნიშვნელოვანი და რითია განსხვავებული “ხანის აკადემიის” მიერ შემქნილი საგანმანათლებლო რესურსი? ის ათასობით ვიდეოს ამზადებს და უფასოდ გვთავაზობს, თუმცა ამ რესურსის რეალური ძალა თანმხლებ სავარჯიშოებში და შეფასების სისტემაშია. ხანის აკადემია თამაშის პრინციპით “ენერგიის ქულებით” აჯილდოვებს მოსწავლეს წარმატებისთვის. აუცილებელი პირობაა ერთ კონტენტს დაეუფლო, იმისათვის რომ შემდეგზე გადახვიდე. ტესტები ეგრეთ წოდებული “სკაფოლდინგის” სისტემით სთავაზობს მოსწავლეს დახმარებას სწორ პასუხამდე მისასვლელად, წამებში იძლევა შედეგებს და უკუკავშირს. პროგრამაში ჩაშენებული სისტემა სწავლის შედეგებს ზუსტად ზომავს. მასწავლებელს საშუალება აქვს თითოეული მოსწავლის პროგრესს დააკვირდეს: რა დრო დაუთმო კონკრეტული დავალების შესრულებას, სად ქონდა შეფერხება ან რა ვერ დაძლია და შესაბამისი რეაგირება გააკეთოს.ეს ფუნდამენტურად განსხვავდება იმასგან, თუ რა ხდება დღეს კლასებში. ტრადიციულ კლასში მოსწავლეები ისმენენ ლექციას, ასრულებენ დავალებას და საბოლოოდ გამოცდას აბარებენ შედეგების საჩვენებლად. კლასი შემდეგ თემაზე გადადის, მიუხედავად იმასა თუ რას მიიღებს ინდივიდუალური მოსწავლე. მან შეიძლება მიღო 8-ქულა, მაგრამ არ იცოდეს რა დააკლდა იმისათვის რომ 10-იანი მიეღო. შესაძლოა ვერ გაიგოს, როგორ აიყვანოს რიცხვი ხარისხში, მასწავლებელი კი გადადის შემდეგი ცნების შესწავლაზე. ხანი ამას ასე ხსნის: “წარმოიდგინეთ რომ სწავლობთ ველოსიპედის ტარებას. დასაწყისში აგიხსნეს თეორია და ორი კვირით მოგცეს ველოსიპედი. ორი კვირის შემდეგ გამოწმებენ რა ისწავლეთ და გეუბნებიან: პრობლემები გაქვთ მარცხვნივ მოხვევის დროს, ვერ ამუხრუჭებთ, თქვენ ხართ ველოსიპედისტი 80 %-ით. გიწერენ "სამიანს" და გეუბნებიან: აგერ ერთბორბლიანი ველოსიპედი, ახლა ამაზე ტარება უნდა ისწავლოთ.” სწავლების ტრადიციული მოდელისგან განსხვავებით, ხანის აკადემია მიესალმება ექსპერიმენტებს და შეცდომებს, მაგრამ სანაცვლოდ მიზნად ისახავს მოსწავლის დაოსტატებას ყველა საფეხურზე, რასაც სთავაზობს.სწავლების ეს მიდგომა გარემოს ცვლის იმ ზრდასრულებისთვის, ვისაც თავის დროზე შესაძლებლობა არ ჰქონდათ ესწავლა, ასევე დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელი ბავშვებისთვის, რომლებიც იძულებული არიან დღის განმავლობაში თავის ოჯახს დაეხმარონ და ვერ დადიან სკოლაში. ეს მოდელი იძლევა თანატოლთა განათლების შესაძლებლობასაც. თანატოლებს სხვადასხვა ქვეყნიდან შეუძლიათ ერთმანეთს ასწავლონ. ესე იგი გლობალური საკლასო ოთახი იქმნება მთელი მსოფლიოსთვის. ესაა ხანის აკადემიის მთავარი იდეაც. ის გვაიძულებს გადავხედოთ საკლასო ოთახებს, უნივერსიტეტებს, მასწავლებლებისა და ინსტრუქტორების როლს, ადმინისტრაციული მოწყობას იმ ფიზიკური ფორმით, როგორითაც დღეს არსებობს.


რა ცვლილებები მოხდება განათლებაში? სალმან ხანი ასე ხედავს მომავალს:

1. საკლასო ოთახი შეიცვლება. განათლება გახდება უფრო აქტიური, აღმოჩენებზე დაფუძნებული და შემოქმედებითი პროცესი.

ახლა მასწავლებელი ან ლექტორი კლასის წინ დგას და ლექციას კითხულობს, მოსწავლეები ან სტუდენტები პასიურად სხედან და ჩანიშვნებს აკეთებენ, სემესტრის ბოლოს კი გამოცდას აბარებენ. მთელი რესურსები იხარჯება იმაზე, რომ მოსწავლეებმა პასიურად მიიღონ ცოდნა. მომავლის კლასში დროის უმეტესი ნაწილი მოსწავლის მიერ აღმოჩენის გაკეთებაზე, პროდუქტის შექმნაზე დაიხარჯება. დაახლოებით 200 წლის წინ და უფრო ახლო წარსულშიც მოსახლეობის უმრავლესობა ფიზიკური შრომით იყო დაკავებული. შედარებით მცირე ნაწილი გონებრივ სამუშაოს ასრულებდა, მაგ. გადასახადების აკრეფა. ძალიან მცირე რაოდენობა ქმნიდა რაიმე ახალს, ინოვაციურს. არადა, სწორედ ეს არის რაც ცხოვრებას ავითარებს და წინ მიყავს. ტექნოლოგიების საშუალებით ფიზიკურად შესასრულებელი სამუშაო ავტომატიზებულ რეჟიმში გადავიდა. შესაბამისად, ნაკლები რესურსი იხარჯება ფიზიკურ მუშაობაზე. ამ პროცესებმა ადამიანური რესურსი გამოათავისუფლა, რომ უფრო გონებრივ ან ინოვაციურ-შემოქმედებით სამუშაოში ჩაერთონ ისინი. 2060 წლისთვის პროცესები მთლიანად ავტომატიზებულ რეჟიმში გადავა. საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი შეასრულებს ფიზიკურ სამუშაოს, განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში. გონებრივი სამუშაოთი დაკავებული ადამიანებიც კი შემცირდებიან, (მაგ: გადასახადების შესახებ ინფორმაციის შევსება). ძალიან დიდი რესურსი და დრო გამოთავისუფლდება, რომ ადამიანები ინოვაციური, შემოქმედებითი საქმიანობით, რაიმე ახლის შექმნით დაკავდნენ. და თუ ქვეყანა აქეთ მიემართება, რაც შეიძლება მეტი ამ უნარების მქონე ადამიანი უნდა გავზარდოთ.


2. განათლების დასაუფლებად ფიქსირებული დრო გაუქმდება. დღეს განათლების სისტემა ერთ მოთხოვნას უყენებს ყველას: გაიაროს სავალდებულო განათლების 12 წელი სკოლაში, შემდეგ 4 ან მეტი წელი დაუთმოს უნივერსიტეტში სწავლას. ვიღაც ამ მკაცრად დადგენილ დროის მონაკვეთზე მიდის 10 ქულებით, ვიღაც 8-ებით, სხვები 5-ებით. ყველა იყენებს ზუსტად ერთსა და იმავე დროს, თუმცა განსხვავებული მიღწევებით.

თუ განათლებას მოსწავლის საჭიროებას მოვარგებთ, მეტად პერსონალიზებულს გავხდით, სისტემა მიღწევებზე ორიენტირებული გახდება. მოსწავლეები სხვადასხვა დისციპლინებს დაეუფლებიან, მაგ. მათემატიკა, მუსიკა, ან კვანტური ფიზიკა. თავად გადაწყვეტენ როგორ დაეუფლონ ამ უნარებს და რა დრო დაუთმონ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ცოდნის დასამოწმებლად ფორმალურ ინსტიტუტში გაიარონ პრაქტიკა თუ კერძო პირთან. ეს პროცესი უფრო გამჭვირვალე იქნება ვიდრე ის შეფასებები, რომლებსაც დღეს აძლევენ სასწავლო ინსტიტუციები. ერთი სიტყვით ინდივიდი შეძლებს ისწავლოს რაც უნდა, როცა უნდა და სადაც უნდა, თუნდაც უკან დაუბრუნდეს სასწავლო თემებს 40 ან 50 წლის ასაკში.

მნიშვნელოვანი გახდება იმის დასაბუთება, თუ რისი გაკეთება შეგიძლია შეძენილი ცოდნით. ატესტატის ნიშნების მაგივრად მიღწევები პორტფოლიოში აისახება, სადაც მოსწავლის მიერ გაკეთებული პროექტები შევა. მაგ. რობოტი, რომელსაც შეუძლია კონკრეტული ამოცანის შესრულება, ან პროგრამული უზრუნველყოფა. დამქირავებელი დაინტერესდება არა ნიშნით, ან სასწავლო დაწესებულებაში გატარებული დროის ხანგრძლივობით, არამედ თუ რისი გაკეთება შეგიძლია ამ ცოდნით.

3. მასწავლებლის როლი დრამატულად შეიცვლება. ის უფრო მეტად მენტორი ან ფასილიტატორი იქნება, ვიდრე ლექტორი. პროცესი არ წარიმართება ერთმანეთისგან იზოლირებულ საკლასო ოთახში. დღეს გვაქვს 25 მოსწავლით დაკომპლექტებული კლასი, სადაც ერთი მასწავლებელი დგას კლასის წინ და გაკვეთილს ხსნის. თუკი მომავალში ყველა მოსწავლე თავისი საკუთარი ტემპით ისწავლის, და მასწავლებელი დროის უმეტეს ნაწილს მათთან ინტერაქციაში გაატარებს, რაღაში დაგვჭირდებდა კედლები კლასებს შორის? რატომ არ მოვათავსოთ მაგალითად 75 მოსწავლე და 3 მასწავლებელი ერთ ოთახში? მასწავლებლები ერთად იმუშავებენ. მოსწავლეებს სამივე მასწავლებლისგან შეეძლებათ სარგებელის მიღება, მათი ძლიერი მხარეების, გამოცდილების გათვალისწინებით. ინტერაქცია და თანამშრომლობა გაიზრდება თანატოლებსა და მასწავლებლებს, თავად მასწავლებლებს და თავად თანატოლებს შორის. მასწავლებლის სამუშაო უფრო პრესტიჟული გახდება.


4. 99%- ით გაიზრდება გლობალური წიგნიერების დონე. მოსწავლეები გლობალურ საკლასო ოთახთან იქნებიან დაკავშირებული. სოციალურად დაბალი ფენის განვითარებადი ქვეყნის მოსწავლეს წვდომა ექნება ხარისხიან საგანმანათლებლო რესურსთან და შეძლებს შექმნას წარმატებული პორტფოლიო, განივითაროს პოტენციალი და კრეატიულ, ინოვატორ ადამინებს შორის მოხვდეს.2011 წლის ბოლოს სებასტიენ ფერნმა, სტენფორდის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორმა, ექსპერიმენტი ჩაატარა. მან უფასო 10 კვირიანი, ონლაინ კურსი შესთავაზა მსურველებს “შესავალი ხელოვნური ინტელექტის კურსში”. იგივე კურსს მანამდე სტენფორდის უნივერსიტეტში ატარებდა. კურსი წინასწარი ცოდნის დადასტურებას არ მოითხოვდა. 160 000 სტუდენტი დარეგისტრირდა. კურსის განმავლობაში სტუდენტები სვავდნენ კითხვებს კურსის ბლოგზე, სხვა სტუდენტები კი “ალაიქებდნენ” კითხვებს. საუკეთესო კითხვები რეიტინგით ზედა სტრიქონებზე ადიოდა. სტუდენტები პასუხობდნენ კითხვებს, თავადვე ანიჭებდნენ რეიტინგს 5 ვარსკვლავიანი სისტემით ყველაზე ამომწურავი პასუხისთვის, საუკეთესო პასუხები ზედა სტრიქონებზე იკავებდა ადგილს. ანუ, თანატოლები ერთმანეთს ასწავლიდნენ. 23 000 სტუდენტმა გაიარა კურსი ბოლომდე, საიდანაც 253-მა უმაღლესი შეფასება მიიღო. პროფესორმა ფერნმა ამ ერთი კურსით უფრო მეტ ადამიანს ასწავლა, ვიდრე მსოფლიოს ყველა კომპიუტერული მეცნიერების პროფესორმა ერთად. 23 000 კურსდამთავრებული სტუდენტი უფრო მეტი რაოდენობაა, ვიდრე ნებისმიერ ფაკულტეტს მოუმზადებია თავისი კარიერის განმავლობაში. სტენფორდის 200 სტუდენტიდან, რომელიც ფიზიკურად გადიოდა იმავე კურსს უნივერსიტეტში, 151 ონლაინ კურსზე გადაერთო. პროფესორმა ფერნმა ყველაზე რთული გამოცდა ჩაატარა ონლაინ კურსის ბოლოს, თუმცა ჩაბარების სტატისტიკა ყველაზე მაღალი იყო რაც კი ოდესმე ყოფილა.

პროფესორმა ფერნმა სტენფორდის უნივერსიტეტი მიატოვა და 2012 წლის იანვარში უდესითი“ დაარსა, რომელიც ინჟინერიისა და მეცნიერების კურიკულუმს სთავაზობდა დაინტერესებულ პირებს. მარტში “უდესითიმ” 6 კომპიუტერული მეცნიერების კურსი შესთვაზა დაინტერესებულ პირებს, ყველა ონლაინ რეჟიმში და ყველა უფასო. საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტებს კონტრაქტები გაუფორმა, როგორც დასაქმების სააგენტომ და მსოფლიოს საუკუთესო კომპანიებს შესთავაზა დასაქირავებლად. ამ გზით შექმნა მოდელი, თუ როგორ აღმოეჩინა და შეეთავაზებინა ტალანტები მსოფლიოს საუკეთესო კომპანიებისთვის. მომსახურებისთვის სტუდენტები სიხარულით უხდიდნენ პირველი წლის ხელფასის 20%-ს. 50 დაქირავბეული სტუდენტი მილიონ დოლარს უდრიდა შემოსავლის სახით. საუკეთესო 5%-ში შემავალი სტუდენტების დაქირავებიდან შემოსულ თანხას მთლიანად შეუძლია დააფინანსოს დანარჩენი მსოფლიოს სტუდენტების უფასო სწავლება.

სულ მალე მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა MIT-მ კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო, სადაც უახლეს ინტერაქტიურ ტექნოლოგიას იყენებდა. ძალიან მოკრძალებული თანხის სანაცვლოდ სტუდენტებს MIT-ის სერტიფიკატებს აძლევდნენ კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში. ასევე, TED-მა გამოაცხადა TEDed-ის შექმნა. TEDed იმეორებდა TED-ის ვიდეოფორმატს და მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლებს აწყვილებდა მსოფლიოს საუკეთესო მედიაპროდუქციის ჯგუფებთან. ამ ისტორიებიდან ჩანს, ხარისხიანი სწავლაზე ხელმისაწვდომობის და საფასურის გადახდის კონცეფცია როგორ იცვლება მთლიანად.
შემდეგ ოცდაათი წლის განმავლობაში, UNESCO-ს თანახმად, უფრო მეტი ადამიანი დაამთავრებს უნივერსიტეტს, ვიდრე ისტორიის დასაწყისიდან დღემდე.

ჩვენ თანამონაწილე ვართ განათლების სისტემაში მიმდინარე ტრანსფორმაციის!
ტრანსფორმაცია - ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით!
ტრანსფორმაცია ჩვენი თვითგანვითარებისთვის!


სტატიის ავტორი: მარეხი ჯელაძე



სალმან ხანი ვირტუალური სკოლის - ხანის აკადემიის - შესახებ " გამოვიყენოთ ვიდეო გაკვეთილები განათლების სისტემის ტრანსფორმირებისთვის"

შუგატა მიტრა ტექნოლოგიებისა და "ღრუბლებში" სწავლის (cloud computing) შესახებ "ავაშენოთ სკოლები ღრუბლებში"

მარეხი ჯელაძე

შესახებ მარეხი ჯელაძე

ავტორის შესახებ მოკლე ინფო, სულაც ერთი აბზაცი

გამოიწერეთ ეს ბლოგი ფოსტაზე :

© განსაკუთრებული მადლობა .