Monday, May 29, 2017

Unknown

ბლუმი და ტექნოლოგიები

პედაგოგების უმრავლესობა იცნობს ბლუმის ტაქსონომიას, მოდელს რომელიც განასხვავებს ადამიანის შემეცნების დონეებს აზროვნებაში, სწავლასა და გაგებაში. იგი პირველად 1950-იან წლებში გამოქვეყნდა და მალევე გახდა თანამედროვე განათლების სისტემის საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი პრინციპები უცვლელი დარჩა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შეიცვალა მისი გაგება და ტაქსონომიამ მიიღო სხვადასხვა ფორმა განსხვავებული მიზნებისა და პროგრამებისთვის.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ICT-ის განვითარებამ განაპირობა ის, რომ ახალგაზრდები ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად ხშირად ტექნოლოგიებს მიმართავენ. 2007 წელს ამ ცვლილებების ასახვის მიზნით ენდრიუ ჩარჩესმა განავითარა და დახვეწა ბლუმის ტაქსონომია და მეტად შეუსაბამა სწავლებას 21-ე საუკუნეში. მან შეიმუშავა ბლუმის ციფრული ტაქსონომიის მოდელი. სწავლების ხელშესაწყობად იგი ხაზს უსვამს ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებას ყველა დონეზე. ეს მოდელი წარმოადგენს ექვსი კოგნიტური დონის კლასიფიკაციას მოსწავლისა და მასწავლებლისათვის და ასახავს მათ ქმედებებს 21-ე საუკუნეში.
 როგორც იგი აღნიშნავს, ბლუმის ციფრული ტაქსონომია არ არის ვებ ინსტრუმენტების ან ტექნოლოგიების ნუსხა, ეს არის ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება სწავლების ხელშესაწყობად.

ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ბლუმის ტაქსონომიის განახლებული ვერსია მიზნად ისახავს ტექნოლოგიების ინტენსიური გამოყენებით, (რომელიც სწავლის აუცილებელი ნაწილი ხდება), გააუმჯობესოს სწავლების თითოეულ დონესთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები.
ქვემოთ მოცემულ სურათზე წარმოდგენილია ბლუმის ციფრული ტაქსონომიის შესაბამისად რამდენიმე ტექნოლოგიური ინსტრუმენტი აზროვნების თითოეულ დონეზე.

ცოდნა (ხსომება)
ტაქსონომიის ეს ნაწილი არეგულირებს ძირითადად რაიმეს შესახებ ინფორმაციის ქონას და რაიმე საქმის ან მოქმედების შესასრულებლად საჭირო ხერხების ფლობას. ციფრული დანამატები და მათი განმარტებები ძირითადად ასეთია: ჩამონათვალის შექმნა ციფრულ ფორმატში, მნიშვნელოვანი ფრაზების ხაზგასმა, გამოყენებული გვერდებისა და რესურსების სარჩევის ან სანიშნის შექმნა, სოციალური ქსელის საშუალებით კავშირის დამყარება სხვა ადმიანებთან, მარტივი სიტყვების ან ფრაზების გამოყენებით ძებნა. სწავლების ამ დონისთვის ეფექტური იქნება ქვემოთ მოცემული ინსტრუმენტების გამოყენება:
Google keep არის google-ს პროდუქტი რომელშიც შესაძლებელია ჩანაწერების/ჩანიშვნების გაკეთება. იგი  გვთავაზობს მრავალფეროვან ინსტრუმენტებს ტექსტის, სიების, სურათების და აუდიო ჩანაწერებისთვის.
Padlet არის ონლაინ ვირტუალური დაფა, სადაც მოსწავლესა და მასწავლებელს შეუძლიათ ბმულების და სურათების გაზიარება და თანამშრომლობა. იგი არის სივრცე იდეების შეგროვების, მათი გაზიარებისა და შემდგომი ცვლილებებისათვის.

Diigo არის სოციალური, სანიშნე, კვლევის და ცოდნის გაზიარების ინსტრუმენტი. მისი საშუალებით შესაძლებელია მნიშვნელოვანი ვებ-გვერდების შენახვა, კატეგორიზაცია, ანოტაციების გაკეთება ხაზგასმით და ვირტუალური ,,წებოვანი სტიკერებით“.

Wunderlist ეხმარება მსოფლიოში მილიონობით ადამიანს მათი იდეებისა და ქმედებების ციფრირება მოახდინონ და მარტივად გაუზიარონ სიები ერთმანეთს.

Seesaw არის მოსწავლეზე ორიენტირებული ციფრული პორტფოლიო, სადაც ნებისმიერი ასაკის მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად გააკეთოს ნასწავლის დოკუმენტირება და გაუზიაროს მასწავლებელს, მშობლებს, თანაკლასელებს.
მომდევნო  სტატიებში საფეხურეობრივად შემოგთავაზებთ ბლუმის ტაქსონომიის დანარჩენი ხუთი დონის შესაბამის ტექნოლოგიურ ინსტრუმენტს. მანამდე კი იმედია პრაქტიკაში გამოიყენებთ ზემოთ აღწერილ საშუალებებს და თქვენს გამოცდილებას გაგვიზიარებთ.

http://www.techlearning.com/news/0002/bloom39s-taxonomy-blooms-digitally/65603


სტატიის ავტორი: ნინო კაჟაშვილი

Unknown

შესახებ Unknown

ავტორის შესახებ მოკლე ინფო, სულაც ერთი აბზაცი

გამოიწერეთ ეს ბლოგი ფოსტაზე :

© განსაკუთრებული მადლობა .